მოთხრობა
უკვდავების წამალი
დიდხანს ვიწრიალე საწოლში, მთელი ღამე ფიქრში გავატარე,
ნუთუ გამოსავალი არ არსებობს, იქნებ არასწორად შევარჩიე პროფესია?! აი, მზეც ამოიწვერა, ცა გავარდისფერდა, ჩიტებმა ჟივილ–ხივილი
ატეხეს. სწრაფად წამოვდექი საწოლიდან პირზე ცივი წყალი შევისხი, ყავა მოვიდუღე და მაგიდას
მივუჯექი. ჩვენები სოფელში წასულიყვნენ, მაგიდაზე დედას გამომცხვარი ჩემი საყვარელი
ორცხობილა დამხვდა. არა მაინც
როგორ გამიბედა ამ პატარა ღლაპმა, როგორ მაკადრა მთელი კლასის წინაშე, როგორ დამამცირა,
არ ვაპატიებ! ცოტახანს ვიყუჩე, თითქოს გონება შველას ითხოვდა, მემუდარებოდა:დამასვენე,
ცოტა დრო მომეცი მეც ვიფიქრო , გადაწყვეტილება მივიღო. თავში ერთმა აზრმა გამიელვა,
თამარ მასწავლებელი ხომ არ მენახა, რჩევა მეკითხა,განა მეც ასე არ ვუმწარებდი სიცოცხლეს?
ყველაფერს ვცდილობდი მის მდგომარეობიდან გამოსაყვანად
. მახსოვს ერთხელ ლამაზი წითელი კაბა ეცვა, ხელზე დიდთვლიანი ვერცხლის ბეჭედი ეკეთა,
თმებიც დავარცხნილი ჰქონდა, ეტყობა სადღაც აპირებდა წასვლას, თუმცა ის ყოველთვის გამოირჩეოდა
ელეგანტური ჩაცმულობით და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათით. ჰოლში თვალი მოვკარი და
ჩემ ცუღლუტ მეგობართან ერთად გადავწყვიტე კლასი
გამემხიარულებინა, თან ბიოლოგიაც არ მქონდა ნასწავლი, ვიფიქრე გაკვეთილს ჩავშლი , მაგრად გავერთობით. ხოდა ამ მზაკვრული აზრებით მასწავლებლის
სკამი კალმის მელნით კარგად გავჟღინთე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი უცოდველი კრავის და ამავე დროს ნასიამოვნები სახით. ზარი დაირეკა,
თამარ მასწავლებელი შემოვიდა გრაციოზული და ამაყი გამოხედვით, თენგომ ყურადღების მისაქცევად
პატარა სცენა გაითამაშა, თამარმა გახედა , შენიშვნა მისცა და სკამზე დაეშვა. ყველა
სულგანაბული შეჰყურებდა. კაციშვილის ხმა არ ისმოდა. თამარი წამოდგა და მის კაბაზე ლურჯ
ზოლად მელანი აბრჭყვიალდა. ამის დანახვაზე არ გამცინებია, სხვებსაც გადავხედე, მათშიც
შიშნარევ თვალებს წავაწყდი. რაღაც მებრძოდა, ისეთი ლამაზი იყო, თავისი ტკბილი ხმით
ნერვული სისტემის ფუნქციებზე საუბრობდა. ცივმა ოფლმა დამასხა, კმაყოფილი ხარ? რა შედეგი
მიიღე, რატომ არ გიყვარს თამარი, რა დაგიშავა? შენიშვნის მოცემა ვერ აპატიე? არადა
იმსახურებდი შენიშვნას, მაგრამ მოსწავლეებთან ერთად ,,გაგიტყდა’’ ,როგორ გეკადრება
თავადის ქალო( დადიანი გახლავართ). რაღაცა ძალამ წინ წამომწია და არაბუნებრივი ხმით შევძახე– თამარ მას, მაპატიეთ!
თამარმა გამომხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ცრემლები წამსკდა, ცრემლიანი თვალებით მოვუყევი ჩადენილის
შესახებ და თან პატიებას ვთხოვდი. თამარი მდუმარედ
მისმენდა, უკან არც მიუხედია, მომიახლოვდა და მითხრა, ნათია იცი ამ კაბის დასვრა შენს
თავში კეთილი მარცვლის აღმოსაჩენად ღირდა ალბათ, მე ვამაყობ რომ შენ გადააბიჯე შენს
ამბიციებს და თავად აღიარე დანაშაული. არ გიბრაზდები რადგან მე რეალური ნათია აღმოვაჩინე.
ნაზად მაკოცა ლოყაზე და გაკვეთილის ახსნა გააგრძელა.
სწორედ თამარ მასწავლებელი გახდა ჩემი მომავალი პროფესიის
არჩევის სტიმული. მასავით ბიოლოგიური დავამთავრე და იმავე სკოლაში მისი პენსიაზე გასვლის შედეგად გამონთავისუფლებული ადგილი
დავიკავე.
სწრაფად წამოვდექი, ქეთევანს დავურეკე და თამარის ტელეფონი ვთხოვე.
აბაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე, მინდოდა მასთნ შესახვედრად დახვეწილი და ელეგანტური
ვყოფილიყავი, ხედავ ნათია, ამაშიც თამარ მასწავლებელს ბაძავ. გულში სითბო ჩამეღვარა.
ფანჯარაში გადავიხედე , აზრები დავალაგე, ჩემი დღის რეჟიმი დავგეგმე და თამარს გადავურეკე.
გისმენთ, მომესმა კეთილი და ასე მონატრებული ტკბილი ხმა, აკანკალებული ხმით მოვიკითხე
და შეხვედრაზე შევუთანხმდი. სარკეში ჩავიხედე, სახე ერთიანად მიხურდა, სასიამოვნო ჟრუანტელი
მივლიდა, თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა,, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო , მაგრამ ათასი
ბავშვის მშობელი’’. თამარიც გაუთხოვარი იყო....
ნეტავ რას საქმიანობს, ამდენი წლის შემდეგ, ასეთი ენერგიული
ცხოვრების შემდეგ არ უჭირს სიმარტოვე? სწრაფად წამოვავლე ხელი ჩანთას და გარეთ გამოვედი.
მაღაზიაში ხილი და ტკბილეულობა ავიღე, გზაზე ტორტსაც ვიყიდი, მახსოვს ბანკეტზე აღნიშნა
შოკოლადის ტორტი ძალიან მიყვარსო.
სულმოუთქმელად ავირბინე მეექვსე სართულზე და კარზე ფრთხილად
დავაკაკუნე. ნეტავ როგორ გამოიყურება? ისევ ისეთია ჩემი თამარი?. კარი გაიღო და ჩვენი თვალები კვლავ
ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ ახლა უკვე სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი, მონატრებული . ერთმანეთს გადავეხვიეთ. რამხელა ენერგიის მატარებელია , როგორი კარგია,
ისევ ისეთი მშვიდი და სანდომიანი.
–ნათია ჩაი
დავლიოთ შვილო, თან ვიმუსაიფოთ . მომიყევი შენი ამბები, პედაგოგობა მარტივი საქმე არ
არის, პედაგოგობა გმირობაა–მითხრა ღიმილიანი სახით.
თითქოს ტვირთი მომეხსნა, იმედი მომეცა და დავიწყე ჩემი
ამბის თხრობა.
–მე–8 კლასში მაქვს პრობლემა, ნიკა რთული მოსწავლეა
, სულ ცდილობს მეკამათოს, სერიოზულად არ აღმიქვავს, თითქოს უნდა დამცინოს, არ ვიცი
რა დავუშავე, რას ვერ ვაკეთებ სწორად. გუშინ პროტესტი გამოთქვა– ხომ არ შეიძლება ყოველ
წელს ნარკომანიაზე ვაკეთოთ პროექტი, თუ არ იცით სხვა მასწავლებლებისგან მაინც იკითხეთო.
შეურაცხყოფილი ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ.
–შენ რა უპასუხე ძვირფასო?
–ვუყვირე, თავი
ვერ შევიკავე, რაზეც ხმამაღალი სიცილით მიპასუხა,
სხვებიც აჰყვნენ და.... კლასი დავტოვე, ვეღარ შევძელი, ნერვებმა მიმტყუნა.
–ნათი, შენ საუკეთესო მონაცემები გაქვს, თბილი და ძალიან
ნიჭიერი გოგონა ხარ. საკუთარი პრაქტიკის კვლევა დაიწყე საყვარელო, თითოეული კლასი ცოცხალი
ორგანიზმია. არცერთი კლასი არ გავს ერთმანეთს ისევე როგორც თითოეული ადამიანი განუმეორებელია
თავისი გენოფონდით. შენი საქციელი დამცველობითი რეფლექსი იყო– მომიტრიალდა ღიმილნარევი
სახით და თავისი ფაფუკი ხელი ნაზად მომისვა
ვარდისფრად შეფაკლულ ლოყაზე– კარგად მოგეხსენება თავის ტვინი როგორ იცავს ორგანიზმს
გარემოს უარყოფითი მოვლენებისგან, მაგრამ ხანდახან საკუთარი რეფლექსებისგანაც უნდა
დავიცვათ თავი , ეს იარაღი კი რომელიც დაგვიცავს ნებისყოფაა , ჩემო კარგო.ასეთი ფრაზა
მახსენდება: ,,თავისთავზე შეყვარებულ ადამიანს მეტოქე არ ჰყავს’’. ყოველ დილით ჩემს თავს ვუმეორებდი, თამარ შენ მოსწავლეებზე უნდა
იყო შეყვარებული, მასწავლებლობა რაღაც შინაგანი გამოძახილია, სხვისი ცხოვრებით არსებობაა,
სხვისი სიხარული და გაჭირვების გაზიარებაა. მასწავლებლობა კვლევაა, ცხოვრების კვლევა... ყველაზე დიდებული პროფესიაა, შენ გენდობა მთელი
სამყარო, რადგან ფოლადისაგან გამოაწრთო და გამოჭედო ის სულიერი სახე რომელიც ესაჭიროება
საზოგადოებას, ისეთი სახე როგორიც შენ ხარ, როგორიც ის ლევანია შენთან ერთად რომ ცუღლუტობდა,
დღეს კი გამოჩენილი ექიმია და ათასობით ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს, როგორიც თედორეა
რომელიც ბერად აღიკვეცა და ეს რთული და ეკლიანი გზა აირჩია. სხვისი ცხოვრება ხომ ჩვენი
ცხოვრებაა ნათი, ჩვენც ხომ ვიღაცისთვის სხვანი ვართ, საბოლოოდ თურმე სწორედ სხვაზე ზრუნავაა შენ ცხოვრებას
რომ ქმნის. შენ მასზე ზრუნავ, ის შენზე, აი
ეს არის მთავარი, ეს არის ცხოვრების გასაღები...
სიჩუმე ჩამოვარდა, ორმა წუთმა გონება გამინათა, იქნებ ჩემი ბრალია,
ეხლაც ვერ ავიტანე შენიშვნა, არადა მართალია, მრავალფეროვნებას ითხოვენ ბავშვები, სიახლეები
უყვართ, განა მეც ასე არ ვიყავი? ურთიერთობაზეც
მომიწევს ზრუნვა, როდის დავინტერესდი ვინმეს ცხოვრებით? ან ნიკაზე რა ვიცი, იქნებ რა უჭირს, სხვანაირად ამდენ აგრესიას რატომ
უნდა ატარებდეს მოზარდი.
თამარის ხმამ გამომაფხიზლა– იფიქრე ნათი ნურაფრის შეგეშინდება,
გამოსავალს ნამდვილად იპოვი. შემრცხვა ჩემი პრობლემებით რომ დავტვირთე , გადავეხვიე
და
ჩავჩურჩულე– ძალიან მენატრებოდით თამარ
მასწავლებელო...
დიდხანს ვისაუბრეთ, გავიხსენეთ სკოლის განვლილი წლები,
ბევრიც ვიცინეთ. მის თვალებში ბედნიერებს ვხედავდი, რეალურ, სუფთა, ჭეშმარიტ ბედნიერებას.
გამოვემშვიდობე ჩემს საყვარელ თამარ მასწავლებელს
და სახლისკენ აჩქარებული ნაბიჯით გავეშურე, მინდოდა სწრაფად გასულიყო დასვენების დღეები,
მეჩქარებოდა სკოლაში მისვლა, რაღაც მახრჩობდა, საკუთარი შეცდომების მრცხვენოდა, მივხვდი
რომ ახლა თავისუფლად შემეძლო საკუთარი თავის კრიტიკა, აღარ მეშინოდა შეცდომების აღიარება
და საკუთარ თავთან საუბარი. მისვლისთანავე ნიკას დამრიგებელს დავურეკე და ნიკას ოჯახური
მდგომარეობა გამოვკითხე, ყურმილი ხელში შემაცივდა, თითქოს ენა დამება, სიტყვებს ვერ
ვპოულობდი.....მამა ნარკომანი ჰყავდა? როდის
გარდაიცვალა?
კიდევ ერთი თეთრად გათენებული ღამე, მაგრამ ახლა უკვე ნიკას მზრუნველობაზე ფიქრში, მე ყველაფერი ვაპატიე. როგორ მოვიქცე, ნდობა როგორ
აღვიდგინო?
ორშაბათი დღეც გათენდა, გოგოებმა მანქანით გამომიარეს
და სკოლაში წავედით, გზაში მეკითხებოდნენ –რა ხდება სოციალურ ქსელში არ ჩანდი, სად
დაიკარგე ნათი? დღეს დიდ შესვენებაზე ყავაზე გელოდებით , დათომ რაღაც ახალი ყავა ჩამომიტანა იტალიიდან, ერთად დავაგემოვნოთ.
აი ზარიც დაირეკა,
ადრენალინმა თავისი საქმე მშვენივრად შეასრულა, გული ამოვარდნას მქონდა, შევეცადე არავის შეემჩნია, დამაჯერებელი ნაბიჯებით საკლასო
ოთახისკენ გავემართე, კარი შევაღე, ყველა გასუსული შემომყურებდა, პარასკევის ინციდენტის
შემდეგ არ მოელოდნენ ,ალბათ, თუ კიდევ გავბედავდი კლასში შესვლას. კლასს მივესალმე და დინჯი ნაბიჯებით ნიკასკენ გავეშურე, (რომელიც
ფეხზე არცკი წამოდგა) მივედი თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი: იცი ნიკა შენ მართალი
ხარ, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი,რომ ჯობია ერთად დავგეგმოთ, რაც გაინტერესებთ იმ თემებზე
გავაკეთოთ პროექტი, ხანდახან უფროსებიც ვცდებით, მაგრამ მე ბოდიშის მოხდის არ მრცხვენია,
იმიტომ რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ...
–მაპატიეთ ნათია მას ! –ამომხედა დიდი ცისფერი ცრემლებით
სავსე, უძირო თვალებით, თვალებით რომელიც უდიდეს ცხოვრებისეულ ტკივილს მალავდა.....
–გვაპატიეთ ნათია მას, გვაპატიეთ!– კლასი გვრგვინავდა! მოვტრიალდი
და მიმოვიხედე, 30 ბავშვის მუდარით სავსე თვალებს
წავაწყდი.
–რათქმაუნდა
გაპატიეთ ჩემო კარგებო, მე ხომ მასწავლებელი ვარ, ჩემი გული თქვენი სიყვარულით არის
სავსე.გულში ჩავიხუტე ჩემი ცელქები და მივხვდი– სწორედ ეს არის ბედნიერება, სწორედ
ეს არის ფოლადის წრთობა, ეს არის უკვდავება და ამ უკვდავების წამალს სახელად მასწავლებლის პროფესია ჰქვია.
17 აგვისტო 2016 წელი
ნ.ყ.
17 აგვისტო 2016 წელი
ნ.ყ.
No comments:
Post a Comment